ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

















დიდხანს ვიფიქრე დამეწერა თუ არა ამ თემის შესახებ, რადგან ვინც მე მიცნობს კარგად იცის რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის. იმდენად რომ სხვას აღარაფერს შეუძლია მატკინოს.
ნებისმიერი სახის ინტეგრაციას  საზოგადოებაში , მისი მხრიდან სწორი და ადეკვატური რეაქცია განსაზღვრავს.
ხშირად ადამიანების მხრიდან არასწორ მიდგომებს შეუძლიათ უფრო გააღრმავონ არსებული ამა თუ იმ სახის პრობლემა.
რაც შეეხება ჩვენი შვილების პრობლემებს, მიუხედავად იმისა რომ თვითეულ ჩვენთაგანს ღრმად გვწამს და გვინდა  გვჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში , ქუჩაში , დაუფიქრებლად, გაუაზრებლად მათი მისამართით წამოსული ესა თუ ის გამონათქვამი და მოქმედება ერთის მხრივ ჩვენთვისაა ურთულესი მისაღები და ჩვენი განწყობები პირდაპირ აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე და მეორეს მხრივ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია პრობლემურ ბავშვებზე და მათი ფსიქიკაზე ეს ღრმა მატრამვირებლად მოქმედებს.
ჩემმა შვილმა პირველად მაშინ გამოიყენა პირველ პირში სიტყვა ,,ცოდოა" , როდესაც რამოდენიმე წლის წინ, პირველად გადავწყვიტეთ მისი საბავშვო ბაღში შეყვანა, რადგან ბავშვებთან კონტაქტი ბცდ-ს მქონე ბავშვების რეაბილიტაციის შემადგენელი  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ერთ-ერთმა ,,კეთილის მსურველმა", მეტიც მასწავლებელმა ( რა თქმა უნდა შეგნებულად არ ვასახელებ, საბავშვო ბაღს და მასწავლებლის ვინაობას) მისი და პოტენციური ჯგუფელების თანდასწრებით იკითხა  ,,რა სჭირს ბავშვს? " და ჩემს მიერ ჩურჩულით ახსნილი მიზეზის მოსმენის შემდეგ, ემოციურად აღმოხდა ,,უიი რა ცოდოა" და შემდეგ ასევე ხმამაღლა მისი ფსიქოლოგიური განათლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილების საამაყო მოშველიებით დაიწყო ახსნა, თუ რამდენად დამთრგუნველად იმოქმედებდა ასეთი პრობლემის მქონე ბავშვის არსებობა ამ ჯგუფში დანარჩენ ბავშვებზე, მეტიც გვიხსნიდა რომ საშიშიც კი იყო იქ მყოფი ბავშვების უსაფრთხოებისათვის. ეს რა თქმა უნდა არაა სისტემის ბრალი, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემაში ამ კუთხით დაწყებული სასიკეთო ნაბიჯების შესახებ. აქ პრობლემა ცალკეული ინდივიდია, რომელსაც ასე ესმის და მორჩა.
მოკლედ, ჩემი თხოვნა/მოთხოვნაა:
-არასოდეს იკითხოთ მათი პრობლემის შესახებ მათივე თანდასწრებით!
-არასოდეს გამოხატოთ მათ მიმართ სიბრალულის ემოცია!
- შეხვდით და შეხედეთ მათ ისე როგორც ეურთიერთებით ჯანმრთელობის პრობლემების არ მქონე ბავშვებს.
-ნუ მოყვებით მსგავსი პრობლემის ბავშვები ისტორიებს! ( დამიჯერეთ ასეთი თქვენზე მეტი ვიცით. მე პირადად უამრავი მსგავსი ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვი მომინახულებია მათი მკურნალობის შესახებ ინფორმაციის მოძიების მიზნით.)
ამ ყველაფრის გათვალისწინება მათ ჯანმრთელობაზე მხოლოდ დადებითად აისახება და შესასრულებლად არც ისე რთულია.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ შშმ პირები არ არიან საზოგადოებისათვის საშიშნი, ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ, განსხვავება ისაა, რომ მათ ზოგიერთი აქტივობის განხორციელება ან სრულიად არ შეუძლიათ ან ისე ზედმიწევნით ვერ ასრულებენ როგორც ჩვენ.
ასევე დიდი პრობლემაა ეგრედწოდებულ ,,ტროტუარებზე" მოხერხების შესაბამისად დაყენებული ავტომობილები, ,,ტროტუარიდან-ტროტუარზე" გადასასვლელი პანდუსების არ არსებობა ...
-რამდენჯერაც ავტომობილის ,,დაპარკინგებას" გადაწყვეტთ იქ სადაც არაა მისთვის გამოყოფილი სპეციალური ადგილი, გაიხსენეთ რომ იქ შეიძლება მე და ჩემმა შვილმა გამოვიაროთ საბავშვო ეტლით და სწორედ თქვენ გახდეთ, ჩვენი  ისედაც რთული გზის უფრო გართულების მიზეზი.
და ბოლოს :
-ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები! და ამაში დასარწმუნებლად საკმარისია მათ მხოლოდ ერთხელ ჩაეხუტოთ :)
-ჩვენ ერთად ვიბრძვით და ვცდილობთ რომ ამ ბრძოლას ქონდეს შედეგი.....

Comments

Popular posts from this blog

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ