შავი კლდეების ტბა




ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დასაღწევად მეგობრებმა დავიწყეთ ფიქრი თუ სად შეიძლებოდა წავსულიყავით. ერთ-ერთმა მეგობარმა ასეთ ადგილად შავი კლდეების ტბა დაასახელა, რომელზეც მანამდე არაფერი მსმენია. რა თქმა უნდა პრაქტიკიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ გუგლის საძიებო სისტემას მივაშურე, სადაც არც თუ ისე ინფორმაციული მასალები აღმოჩნდა აღნიშნული ადგილის შესახებ. ფორუმებზე განიხილებოდა როგორც ერთ-ერთი ურთულესი მარშუტი რომლის დაძლევაც ბევრმა ვერ შეძლო. ჩემს მრავალრიცხოვან ,,ფბ" მეგობრებში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა ვინც ტბა მოინახულა  და მისგან ისეთი რჩევები მივიღეთ რომლის ჭეშმარიტებაშიც მთელი გზა ვრწმუნდებოდი. განსაკუთრებით ერთი ფრაზა დამამახსოვრდა ,, დამიჯერე შენ თუ მანდ ასვლას შეძლებ, დაუძლევლად ცხოვრებაში აღარაფერი მოგეჩვენებაო“.
დაიწყო მზადება, ერთი ზუსტად ვიცოდით იქ ზედმეტი ნივთები მხოლოდ პრობლემას შეგვიქმნიდა, ამიტომ მინიმალისტურად განვსაზღვრეთ თან წასაღები ნივთების და საკვების სია, მივაშურეთ ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციას სადაც ძველ რუკაზე ,,ფარმაცევტის ღიმილით" წიგნში ამოკითხული თეორიული ცოდნის საფუძველზე აგვიხსნეს გასავლელ მანძილზე თუ სად რა ხდებოდა , გზა როგორ გაგვეკვლია, მონიშვნების ამოცნობა, სარეკომენდაციოდ ერთ საათში გასავლელი მანძლი და შესვენების სარეკომენდაციო დროის ინტერვალები, ისიც რომ ზემოთ წყალი სერიოზული პრობლემაა და იგი ეკონომიურად გამოგვეყენებინა და თუ  როგორ გაგვევლო სასაზღვრო ზოლი.

10 საათსა და 20 წუთზე დიდი ენთუზიაზმით, ოთხი მეგობარი გავუდექით გზას 25-30 კიგ-იანი ზურგჩანთებით. დაახლოვებით 3 კილომეტრი ტყეში ვიარეთ რომელშიც ფართო ბილიკზე წითელი და თეთრი მონიშვნები გვიკვალავდა გზას, შემდეგ მდინარე გადავკვეთეთ, თან გვიახაროდა რომ ასეთი იოლ ადგილას გვიწევდა სიარული.
ახლა კი დაიწყო, ის რაც დაიწყო დაახლოვებით 5  კილომეტრიანი 55-60 გრადუსიანი დახრილობის აღმართი, სადაც ბილიკი საფეხურებად მიუყვებოდა. ყოველ ნახევარ საათში გვიწევდა დასვენება რადგან სხვანაირად შუძლებელი იყო გადაადგილება. ხან ხეებს ვეჭიდებოდით 

ასვლა რომ გაადვილებულიყო ხან  ნაპოვნ ჯოხებს ვიყენებდით საყრდნობად, ძალიან რთული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა სულ ჩამესმოდა მეგობრის სიტყვები, თუმცა ერთი წამიც არ გამიფიქრებია ის რომ ასვლას ვერ შევძლებდი. იმის იმედით რომ მალე უკეთესი გზა გამოჩნდებოდა მთლიანი ძალების მობილიზებით ვცდილობდი არ დავნებებულიყავი. 
 მალე დამთავრდა ეს ,,ჯოჯოხეთი" მეგონა ეს იყო სირთულე და ყველა ამაზე საუბრობდა, იმის იმედით რომ ყველაზე ძნელი უკან მოვიტოვეთ მალე სუბ-ალპურ ზონაში გადავინაცვლეთ სადაც ხეები და ბუჩქები ერთმანეთს ენაცვლებიან. ასევე უხვადაა ე.წ. ,,ტყის მაყვალი" რომელიც უგემრიელესია და მთელი გზა თავს ვიქცევდით.

 სუბ ალპურ ზონაში ბილიკები ნაკლებად დახრილია და სასიარულოდ რთული არაა ,თუმცა იქ შემაწუხებელი ფაქტორი  მწველი მზეა. დაახლოვებით 4-4,5 კმ-ის გავლის შემდეგ საღამოს 7 საათსა და 30 წუთზე უკვე დაღლილობისაგან ძალა რომ გამოგველია გამოჩნდა პირველი იმედი, პირველი გაჩერება, თავშესაფარი სახელწოდებით ,,მეტეო“ 

რომელიც , როგორც გადმოგვცეს პოლონელი ვიზიტორის საჩუქარია (დაუზუსტებელი ინფორმაცია), ჩვეულებრივი ხის სახლები სადაც საწოლები, მატრასები და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრო გაყვანილობაა, რომელიც მწყობრიდან იყო გამოსული, დაზიანებული იყო კარის სახელურები, კედლებზე ჩამოხეული საინფორმაციო პლაკატები, ირგვლივ ხეებზე მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნარჩენები და პოლიეთილენის პარკები გარშემო მდგარ ხეებს ნატვრისხეებს მაგონებდა. პირველად რაც გავაკეთეთ იქ მყოფი ადამიანები გადავათვალიერეთ და აღმოჩნდა რომ 15 კაციანი გერმანელების ჯგუფი, 2 პოლონელი და 1 იაპონელი იყო. ქართველები მხოლოდ ჩვენ ოთხნი L, ძალიან დამწყდა გული ამაზე რადგან უცხოელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ მეტად აფასებენ ჩვენს ბუნებრივ პოტენციალს. საღამოს ვახშმობის შემდეგ ცოტა ალკოჰოლი მივაშველეთ და გამთენიამდე გაუნძრევლად გვეძინა. ამ ადგილას წყალი თითქმის არაა თუმცა ჩემი შეფასებით ეს ნაკძალის ადმინისტრაციის უყურადღებობით უფროა გამოწვეული ვიდრე რესურსის არ არსებობით, თითქმის წვეთ-წვეთად ჟონავს სახელდახელოდ მოწყობილი ონკანიდან საიდანაც გამთენიისას ,,ქართველური მოხერხებულობით" მოვიპოვეთ მთელი ღამის განმავლობაშ შეგროვილი 5 ლიტრიანი ბალონიდან წყალი და  მარაგით გულმოცემულები გაუდექით გზას.

 დაიწყო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი დღეც.....

გზის უმეტესი ნაწილი 12,5 კმ ალპურ ზონაში ვიარეთ , გზა არც ისე რთული აღმოჩნდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს წყაროც შემოგვხვდა ისეთ ადგილას რომლის არსებობაზე ადმინისტრაციას არც კი მიუთითებია. ასევე რამოდენიმე პანორამული ადგილი სადაც ფოტოს გადაღების გარეშე გავლა შეუძლებელი იყო.


 გზად უამრავი ცარიელი საინფორმაციო და მიმანიშნებელი დაფა გვხვდებოდა რომელიც ასევე ნაკრძალის ადმინისტრაციის მინუსად მიმაჩნია.

 დაახლოვებით 8 კმ - ს გავლის შემდეგ გამოჩნდა ჩვენი მიზანთან მიახლოვების პირველი ნიშანი ქართველი მესაზღვრეების ბაზა, 



მესაზღვრეებს ძალიან გაუხარდათ როდესაც ქართველები აღმოვვჩნდით და გულისტკივილით გამოთქვეს, რომ აქ ასეთი რამ იშვიათობა იყო, პირადობის მოწმობის მოთხოვნის შემდეგ მონაცემები  ნაკრძალის ადმინისტრაციას გადასცეს, რომელთან რაციით დასაკავშირებლადაც დაახლოვებით 200-300 მეტრი გაიარეს, თავის მხრივ ნაკრძალის ადმინისტრაციამ-ტურიზმის სააგენტოს, ხოლო მათ შსს-ს მიგრაციის სამსახურს გადასამოწმებლად და ამ მახინჯი, გაუაზრებელი, არალოგიკური, ბიუროკრატიული პროცედურების გავლამ 1,5 საათი წაგვართვა, როდესაც შესაძლებელი იყო დასაწყისშივე ეს ყველაფერი ნაკრძალის ადმინისტრაციას გაეკეთებინა და რაიმე პრობლემის შემთხვევაში აღარ მოგვიწევდა 22 კილომეტრიანი ურთულესი გზის გავლა ტყუილუბრალოდ. რა თქმა უნდა გადამოწმების შედეგად არანაირი პრობლემა არ აღმოჩნდა და აი მივიღეთ სანატრელი საშვიც მესაზღვრეებისაგან, თუმცა ,,საშვი" ვისთვის წარსადგენად გაუგებარი იყო, რადგან გზად მეტი საკონტროლო პუნქტის კი არა საერთოდ ადამიანის შეხვედრაც სანატრელი იყო. მესაზღვრეები ძალიან კარგები აღმოჩნდნენ , გასაოცრად ადამიანურები, მოყვნენ ბევრ საინტერესო ისტორიას, გამოთქვეს ბევრი გულისტკივილი , საერთო ნაცნობებიც აღმოვაჩნინეთ ,,საქართველო ხომ პატარაა“ . გაგვაფრთხილეს რომ ტბის ნახევარი ლეკებს ეკუთვნის რომლის საზღვარსაც რუსეთის რეგულარული არმია აკონტროლებს და არავითარ შემთხვევაში არ გადავსულიყავით მათ მხარეს , ამას ის მოყვებოდა რომ ერთი მეტრით მათ მხარეს გადასვლის დროსაც კი ისინი დაგვაკავებდნენ, გადაგვახდევინებდნენ მცირედ ჯარიმას სამაგიეროდ კი ხელმძღვანელობისაგან 1 თვიან შვებულებას მიიღებდნენ (ყოფილა შემთხვევები რომ ამ მიზნით საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენებით გადაუყვანიათ თავიიანთ ტერიტორიაზე ვიზიტორები) .დავემშვიდობეთ მათ წარმატება და მშვიდობა ვუსურვეთ და გავუდექით ტბისკენ გზას

 და აი გამოჩნდა სანატრელი აბრაც რომელზეც ეწერა რომ ტბა სულ რაღაც 500 მეტრშ შემოგვხვდებოდა და ხუთიოდე წუთის შემდეგ პატარა ბორცვის იქეთ ჩვენს თვალწინ საოცარი სანახაობა გადაიშალა, საქართველოს მხარე ყვითელი ბალახით შემოსილ მთებში , ხოლო საზღვრის იქით შავი კლდეებით გარშემორტყმული ულამაზესი ტბა, მისი სილამაზე ძნელია აღწერო ამას ფოტოებს დაუთმობ.

ცოტა წავიხემსეთ, საგულდაგულოდ, სათუთად შემონახული ვისკის ბოთლიც გავხსენით და 1 საათიანი სილამაზით ტკობობის და დასვენების შემდეგ  გაუდექით გზას შემდეგი თავშესაფრისაკენ, რომელიც ტბიდან სამიოდე კილომეტრში მდებარეობს, 7 ის ნახევრი ხდებოდა როდესაც თავშესაფარი გამოჩნდა, 
ხოლო მასთან ორი ცხენი და ორი ადამიანი შევნიშნეთ რომელიც ხის სახლის გარშემო ფუსფუსებდა, ისინი ნაძვის ნერგებს რგავდნენ და დაიწყო ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ამბავიც, რომელშიც ალბათ ერთეულებს მიუღიათ მონაწილეობა, ისინი უკითხავად ნაკრძალის ადმინისტრაციის თანამშრომლებად ჩავთვალეთ, ვთხოვეთ რომ ჩვენც მიგვეღო მონაწილეობა მათ საქმიანობაში რაზეც სიხარულით დაგვთანხმდნენ, გასაოცარია დარგო ხე გახარების იმედით ისეთ ადგილზე რომლის დაახლოვებით 10-15 კილომეტრის რადიუსზე ხე არ არსებობს, ალპურ ზონაში ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე. 
ერთს დათო ერქვა მეორეს გიო, საღამოს ერთად ვივახშმეთ და დათომ მთავარი საიდუმლოც გაგვიმხილა, აღმოჩნდა რომ ეს იყო 37 წლის ძალიან მაგარი ქართველი, პატრიოტი ადამიანი და არანაირი ადმინისტრაციის თანამშრომელი, რომელიც თავისი მცირედი შემისავლით და მხოლოდ ამ ადგილების უსაზღვრო სიყვარულის არგუმენტით ცდილობდა წვლილი შეეტანა ნაკრძალის განვითარებაში, გვითხრა რომ ცხენებით ამოიტანა 35 ლიტრიანი ქვევრი რომელიც თავშესაფრის ახლოს საიდუმლოდ ჩაფლა მიწაში შემოდგომაზე ღვინოს ჩაასხამდა შიგ და როდესაც იქ ასული ვიზიტორი ამ ქვევრს აღმოაჩენდა სასიამოვნო სიურპრიზი იქნებოდა. თან ეს ქვევრი იქნებოდა ზღვის დონიდან მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე და ეს ყველაფერი უანაგაროდ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ენერგიისა, ენთუზიაზმის, პატრიოტიზმის  საფუძველზე. მოგვიყვა უამრავი საინტერესო ისტორია თუ როგორ სტუმრობდა პოლონელების ოჯახი აღნიშნულ ადგილს 1 თვის ბავშვთან ერთად, ხოლო ფრანგების 6 თვის ბავშვთან ერთად რომელსაც 6 თვე ამ თავშესაფარში შეუსრულდა. მოკლედ მინდა რომ ამ ადამიანის არსებობის შესახებ ყველამ გაიგოს  და ისიც მინდა რომ ასეთი ქართველი ბევრი ყავდეს ჩევენს ქვეყანას, აქ საქმე ნერგის დარგვასა და ქვევრის მოწყობაზე მეტშია, სამწუხაროდ ასეთი ადამიანები ცოტა მეგულება ჩვენს გარშემო და წარმატებების მას!
 გვაინ დავიძინეთ ნანახი საოცარი სილამაზის, სასიაიმოვნო შემთხვევითობისა და მოსმენილი ისტორიებზე ფიქრში თითქმის დაგვათენდა.
დაიწყო მესამე დღეც , მესამე და ყველაზე რთული უკან დასაბრუნებელი გზა დაახლოვებით 5 კილომეტრი ვიარეთ უზარმაზარი მთის ფერდობზე ვიწრო ბილიკზე რომლის ერთ მხარეს თვალუწვდენელი ხეობა იყო, ხოლო მეორე მხარეს ციცაბო აღმართი. ერთი არასწორი მოძრაობა და  ფატალური შედეგი გარდაუვალი იყო, ეს ბეწვის ხიდზე სიარულს გავდა რომელიც ოთხივემ მდუმარედ გავიარეთ და რაც მთავარია წარმატებით, ფოტოები და ვიდეოები ძალიან შორსაა რეალობისაგან თუ რაოდენ საშიშია ეს გზა, წვიმიან ამინდში იქ გავლა ფაქტიურად შეუძლებელია, გზად ვიღაცას ქვაზე ჩემი სახელიც წაეწერა.
შემდეგ შევედით ტყით დაფარულ დაახლოვებით 65-70 გრადუსით დახრილ ხეობაში რომელზეც სიარული ყველაზე გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის, 
სახელდახელოდ გათლილი ჯოხების დახმარებით, ფეხის თითებზე ტყავის გადაძრობისა და 10 კილომერის სიგრძს ასეთი  გაუსწორებელი გზის გავლის შემდეგ როგორც იყო მივადექით მდინარის ნაპირს, ეს მოღრუბლული ამინდის შემდეგ მზის  გამონათებას გავდა, კიდევ 2 კილომეტრის გავლის შემდეგ გამოჩნდა ნაკრძალის ადმინისტრაციაც, ფაქტიურად ძლივსღა მივლასლასდი შენობასთან და 3 დღის დალაგებული პრეტენზიების გადმოცემის უნარი აღარ მქონდა თუმცაღა რამოდენიმე თემა მაინც განვიხილეთ და მოვისმინეთ მათი პოზიციები გარკვულ საკითხებზე, ყველაზე მეტად გული იმაზე მეტკინა რომ ზემოთ არსებული დაზიანებებისა და უწესრიგობის ავტორებად მხოლოდ ჩვენს თანამემამულეებს ასახელებდნენ.

მოკლედ ვინც გადაწყვეტთ აქ წასვლას
1) გზა იმაზე რთულია ვიდრე აღწერილია ნებისმიერ წყაროში და ხშირად მოგიწევთ სიკვდილს ჩახედოთ თვალებში.
2) არავითარ შემთხვევაში არ წაიღოთ ზედმეტი ბარგი, რაციონალურად განსაზღვრეთ წასაღები ნივთების და საკვების სია.
3)     ფიზიკურად და სულიერად მოემზადეთ წასვლამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.

და ბოლოს ამ ყველაფრის სირთულეს მოსალოდნელი სანახაობა ბევრად აჭარბებს და თქვენ თუ ამ მარშუტს დაძლევთ მოგემატებათ თვითშეფასება და სხვა ყველა სირთულე აღარაფრად მოგეჩვენებათ!

მინდა რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა ნახოს ეს საოცრება, ჩვენი სანახევრო სიამაყე.

(ფოტოები დაცულია საავტორო უფლებით)

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ