რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!





,,რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ" 
აბა რა, ეს ამ თვითგამამხნევებელი გამოთქმიდანაც ჩანს - მაგრად არაფერი გვაქვს, მაგრამ ამას მაინც გავიძახით მტრის გულის გასახეთქად. მთავარია სხვას ეგონოს რომ კარგად ვართ თორე რეალობას თავში ქვაც უხლია. ჩვენ ხომ სხვისთვის და სხვისით ვცხოვრობთ უამრავი ევროპულ-ამერიკულობით გაპრავებული მანკიერებებით. თუმცა მავანთათვის ეს ხინჯები ტრადიციაა , ვისთვის კი ახლობლების ხათრით შესისხლხორცებული ვალდებულებები. მაინც რატომ ვართ ასე ეს ქართველები? ,,სხვის თვალში ბეწვს ვხედავთ და საკუთარში დირეს ვერო" უთქვამთ და სწორედაც რომ ასეა. სხვისი ცხოვრების განსჯაში ჩვენი ცხოვრება ვერ ,,მიგვილაგებია" და მთელი უბედურება იმაშია რომ ამის საჭიროებასაც კი ვერ ვხედავთ. ვამაყობთ ყველაფრით ბუნებიდან დაწყებული ზღვარგადასული ადამიანურ-ტრადიციული ურთიერთობებით. წელში გამართული რაც უფრო დიდი სასმისით ვიტყვით მთა ბარის სადღეგრძელოს მით უფრო მაგარი პატრიოტები ვართ. ამ დროს ამავე ნასუფრალს მშვიდად მოვისვრით იქვე ჩვენს გვერდით, ხოლო შემდეგში ამავე ადგილას დაბრუნებულნი გულმოსულნი მოვიკითხავთ სახელმწიფო ორგანოებს და საათობით ვიმსჯელებთ მათ უსაქმურობაზე. ყველას გვინახავს ცარიელი ურნის გარშემო დაყრილი ნაგავი ან/და შავი ჯიპიდან ოქროს ბრასლეტიანი ხელით გადმოგდებული სიგარეტის კოლოფი თუ სხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი. სიგარეტის ეგრედწოდებულ „ბიჩოკებზე“ აღარაფერს ვამბობ, რომელიც უხვად მიმოფანტულა ჩვენს გარშემო. გულზე მჯიღის ცემით ველოდებით მრავალჯერ ბრალდებულ მთავრობას მოვიდეს და მოაწესრიგოს ჩვენივე ჭიშკრებთან ჩვენგანვე მოსროლილი სხვადასხვა უსარგებლო ნივთები- ჭიშკრის შიგნითა მომსახურებაზეც არ ვიტყოდით უარს მაგრამ ჯერ ეტყობა ასე არ გავმაგრებულვართ. სამაგიეროდ განცვიფრებით ვიმეორებთ ევროპაში ნამყოფი მეგობრის მონათხრობს თუ როგორ ,,გაუჭედა" ადგილობრივმა მოქალაქემ ქუჩაში სიგარეტის ნამწვავის მოსროლისას.
ვამაყობთ სუფრის სახელგანთქმული ტრადიციებით, სმაში შეჯიბრით, თრობის სიმრავლით. სუფრაზე უცხოთათვის ნათქვამი ,,ძმაოთი" და სასმლის სუნით აყროლებული გადამთვრალ თანამესუფრეებთან  ან/და მაგიდის მეზობლებთან უკიდეგანო შემაწუხებელი ხვევნა-კოცნით, სუფრაზე პირველად ნანახი ადამიანების გულ-ღვიძლიდან ამოსული  სიყვარულით გაჟღენთილი აფერისტული სადღეგრძელოებით.
ვამაყობთ რაც არ უნდა საკვირველი იყოს უსაქმურობით, ხშირად ვვიშვიშებთ რომ სამუშაო არაა, საზღვრებს გარეთ ,,უნიტაზების" ხეხვა გვირჩევია საკუთარ ქვეყანაში საკუთარი მშობლების შეხიდებას.
ვარჩევთ დასაქმების ადგილებს ამასაც ქართულად- ყველა კაბინეტში! აბა რა ჩვენ ხომ ქართველები ვართ ნაკლები რა საკადრისია.
მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ვყიდულობთ ფუფუნების საგნებს სხვების დასანახად, როდესაც პირველადი საჭიროებები არ გვაქვს დაკმაყოფილებული.
-მხოლოდ საქართველოში გვშურს სხვისი წარმატება, ვინმე რომ წინ წავა ერთი ნაბიჯით ათნი ვეჭიდებით რომ ,,დავაზადნინოთ" წინგადადგმული ნაბიჯების უკუპროპორციულად. წარმატებას წარმატებით კი არა ბოღმით უპირისპირდებით.
-მხოლოდ აქ ვსაუბრობთ იმ მიზნით რომ ვისაუბროთ თუმცა არ აქვს მნიშვნელობა სად, როდის და რის შესახებ. 
-მხოლოდ საქართველოში გვაქვს უსაზღვრო ამბიცია განათლების და შესაძლებლობების უკოპროპორციულად.
-მხოლოდ საქართველოში ყველას გვინდა ფული და საქმის კეთება არა.
-მხოლოდ საქართველოში ,,ვაგინებთ" მთავრობას და არჩევნების დროს ბიულეტინებზე კანდიდატებს ახლობელ-ნათესავების ხათრით ვხაზავთ.
-მხოლოდ საქართველოში გვინდა ევროპაში და ევროპა ჩვენში არა.
-მხოლოდ საქართველოში ვაგინებთ ჩვენ დედას და სხვის მიერ შეგინებას შეურაწყოფად აღვიქვამთ.
-მხოლოდ საქართველოში არ გვიყვარს ერთმანეთი ყოველი და შეხვედრისას ერთმანეთს ვკოცნით.
-მხოლოდ საქართველოში ნასესხები ფულით დავდივართ დასასვენებლად.
-მხოლოდ საქართველოში ვადარებთ ჩვენი და მეგობრის ფოტოზე ლაიქების რაოდენობას.
-მხოლოდ საქართველოში გვაქვს ,,iphone7" და ანგარიშზე არა.
-მხოლოდ საქართველოში ვიძინებთ ადრე და ვიღვიძებთ გვიან.
-მხოლოდ საქართველოში ვითხოვთ კეთილდღეობას და არ ვიხდით გადასახადებს.
-მხოლოდ საქართველოში გვაქვს სიძულვილი და ვეძახით სიყვარულს.
-მხოლოდ საქართველოში ვართ ჯანმრთელები და ვამბობთ რომ გვიჭირს.
-მხოლოდ საქართველოში გვყავს ავტომობილი და არ გვაქვს საწვავის ფული.
-მხოლოდ საქართველოში გვინდა პირველობა და ვერ ვაცნობიერებთ პირველის რაოდენობას.
-მხოლოდ საქართველოში გვაქვს ოცნებები და არა მიზნები.
-მხოლოდ საქართველოში დავდივართ ეკლესიაში იმიტომ, რომ ვიაროთ.
-მხოლოდ საქართველოში - ,,რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ"!

Comments

Popular posts from this blog

ჩვენ გვყავს ყველაზე მაგარი შვილები!

განსაკუთრებული საჭიროებების მქონე (შშმ) ბავშვების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ურთიერთობის კანონისმიერი საფუძვლები

მამებო - ისინი ჩვენი შვილები არიან!

შშმ მარკეტინგი

ნინა სტარკ-ნეკერი

შავი კლდეების ტბა

ჩვენც დავბერდებით!!!!!!!!!!

ვერ ვიტან!

ჩვენს ქალაქში ერთი გიჟი გოგოა

ნუ ფიქრობ